ახალი ამბები
TI: ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტები სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზუგდიდში მომხდარ ინცინდეტებს გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნების კამპანიის დროს სავარაუდო კანონდარღვევები იკვეთება, რამაც, TI-ის თქმით, შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და შელახოს ადამიანის უფლებები.

„14 მაისს ტელეკომპანია „ოდიშმა” გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას რამდენიმე პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს. გარდა ამისა, ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე პირი ჟურნალისტებზეც ძალადობს და ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში, ასევე, განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები, სხვა დროსაც ცდილობდნენ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას. ეს ქმედებები ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რთული არ უნდა იყოს თავდამსხმელებისიდენტიფიცირება. დღესვე ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. აუცილებელია, დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა და შინაარსი. გარდა ამისა, 13 მაისს „რუსთავი 2”-ზე გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ღიად აცხადებდა, რომ მათი ხმების სანაცვლოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფულად დახმარებას სთავაზობდნენ. ასეთი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

TI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, რომ სასწრაფოდ გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და შესაბამისი პირები მისცენ პასუხისგებაში; ისინი ასევე პარტია „ქართულ ოცნებას” და მის მხარდამჭერებ მიმართავენ, რომ თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს.

Print