ახალი ამბები
დაკავებული ბესიკ დგებუაძის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" შტაბთან აქციას მართავენ
ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე თვის წინ დაკავებული ბესიკ დგებუაძის მშობლები  და ახლობლები მის გათავისუფლებას ითხოვენ. დაკავებულის მამას ვლადიმერ დგებუაძეს შს მინისტრთან შეხვედრა სურს.

"ორი თვეა ვეძებ ბატონ გახარიას. ვიცი რომ ზუგდიდშია. რატომღაც მგონია რომ ეს ადამიანი სამართლიანია და ერთადერთი ის გამიგებს. მე ათ წუთში გახარიას დავუმტკიცებ, რომ სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე არის კრიმინალი. დანაშაულიდან სამ დღეში პოლოციამ დამნაშავეების ვინაობები იცოდა, მაგრამ დიასამიძე აფარებდა ხელს. ვითხოვ ჩემი შვილის გირაოთი გამოშვებას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა"- თქვა ვლადიმერ დგებუაძემ.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერებით: "თავისუფლება უკანონო პატიმარ ბესიკ დგებუაძეს", "დასიაჯოს კრიმინალი პოლიციის შეფი დიასამიძე" და სხვა. 

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დგებუაძეს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. დაკავებულის ახლობლები პერიოდულად აქციებს მართავენ.




Print