ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის გამოძიების დასრულების თარიღის დასახელებას ითხოვს
ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალური პროკურატურისგან დედის საქმის გამოძიების დასრულების თარიღის დასახელებას ითხოვს. შენგელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ დედის გარდაცვალებიდან ექვსი თვე გავიდა და არ იცის, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება.

„ვითხოვ მთავარ პროკურორთან შეხვედრას და მისგან კონკრეტული ვადის დასახელებას, თუ როდის დამთავრდება გამოძიება. გავიდა ექვსი თვე,  უბრალოდ გვითხრას, როდის დასრულდება გამოძიება. მე ხომ არ ვაჩქარებ, უბრალოდ ვითხოვ კონკრეტული თარიღის დასახელებას. ასევე, გვინდა გაგვაცნოს საქმის მასალები, თუ რას აკეთებენ. საქმის მასალებს, ადვოკატთან ერთად, ბოლო18 აპრილის გავეცანი. გვაინტერესებს მას შემდეგ ჩატარდა თუ არა რაიმე საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნა შენგელიამ.

მან ასევე სააპელაციოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შენგელია თქმით, იგი ინსპექტირების დასკვნას და განათლების მინისტრის იმ ბრძანებას ასაჩივრებდა, რომლის საფუძველზეც გაათავისუფლეს სამსახურიდან მისი დედა.

„ვითხოვდით იას სკოლაში ჩატარებული შემოწმების და დაწერილი დასკვნის, ასევე იმ ბრძანების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც საბჭოს გადაუგზავნეს იას გათავისუფლების მოთხოვნა. სასამართლომ შვიდ მაისს გვითხრა, რომ ადამიანი გარდაცვლილია და სხვას არ აქვს უფლება მის მაგივრად სარჩელი შეიტანოს. ეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ მემკვიდრეს აქვს უფლება დაიცვას მამკვიდრებლის უფლებები. პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ აპელაციაში, ვითხოვთ მის გაუქმებას და სასამართლომ მიიღოს ეს საქმე წარმოებაში“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე:
ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
Print