ახალი ამბები
სენაკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან
სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებისა და სასულიერო სასწავლებლის მიმდებარედ ქვეწარმავლების მომრავლების გამო ადგილობრივები ჩივიან. მათი ინფორმაციით, გველები შენობების წინ მდებარე ღელეში, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გამოჩნდნენ და ამის შესახებ მერიაც ინფორმირებულია.

„უკვე სამი მოვკალით. ეშინია აქ ყველას, საკმაოდ დიდი ზომის არიან. თითქმის მთელი ქალაქის ნაგავი აქ ჩაედინება და ალბათ, ამიტომ გაჩნდა. ვითხოვთ, რომ ამოწმინდონ ღელე და შეწამლონ ტერიტორია. სამი დღის წინ მივმართეთ შესაბამის სამსახურს, მაგრამ არ მოსულან“, - გვითხრა ვიტალი პერტაიამ.

თავის მხრივ, სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ საგანგაშო სიტუაცია არ არის და ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეწარმავალი იპოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ადგილზე დღესვე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მივლენ და ყველა საჭირო პროცედურას განახორციელებენ.

Print