ახალი ამბები
საია და მწვანე ალტერნატივა სახელმწიფოსგან ენერგოგანვითარების სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვენ
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საიამ“ და „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს ენერგოსექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ზემო სვანეთში ჰესების მშენებლობისა და ამ სფეროში არსებულ სხვა გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ჰესების მოწინააღმდეგეები კი არ ვართ, პირიქით, ვთანხმდებით, რომ ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ჰესები უნდა შენდებოდეს ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიის შესაბამისად. სახელმწიფოს აქვს მხოლოდ დრაფტი დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებული არ არის. მათ არ აქვთ ხედვა, როგორი ობიექტები უნდა აშენდეს და სად. ეს ამოცანა უნდა გადაჭრას სახელმწიფომ, სტრატეგია შეიმუშაოს, გამოიკვლიოს, როგორ შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება და ბოლოს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩაუტარდეს გარემოსდაცვითი შეფასება, რის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს მშენებლობა და არა ასე ქაოსურად“, - აღნიშნა საია-ს პროექტის მენეჯერმა მზია გოჩაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობა არაა ინფორმირებული ჰესების მშენებლობის შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ იგებენ, როცა ინვესტორი შემოდის ან სამშენებლო ტექნიკას შემოიყვანენ.

არასამთავრობოები ასევე მოითხოვენ, რომ ჰესების მშენებლობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი უძღოდეს წინ.

ამავე პოზიციაზეა „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. ის მიიჩნევს, რომ აუცილებლად საჭიროა საუბარი არა რამე ზოგადზე, არამედ, კონკრეტულ გეგმებზე და კონკრეტულ ხელშეკრულებებზე.

„როცა ხელისუფლება საუბრობს ჰესების საჭიროებაზე, ეს არის აბსურდი, აუცილებელია ვისაუბროთ კონკრეტულ ჰესებზე, კონკრეტული ხელშეკრულებების საფუძველზე და ამის შემდეგ ვისაუბროთ, სარგებელი მეტია თუ ზიანი. ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა ხდება ენერგოსექტორში, ელექტორენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, უნდა გვქონდეს განვითარების სტრატეგიული გეგმა. გვჭირდება კონკრეტული ვალდებულებები და განსაზღვრული ალტერნატივები: ენერგოეფექტურობა, მინი ჰესები, რომლებიც არის მწყობრიდან გამოსული, მათი ტექნიკური გადაიარაღება და დაბალანსებული მზისა და ქარის სადგურები, რომელიც არის ბევრად იაფი და დაბალანსებული“, - აღნიშნა ჭიპაშვილმა.

რაც შეეხება ჰესების მშენებლობას მესტიაში, ჭიპაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივები მხოლოდ საჭიროების დასაბუთებას მოითხოვენ და მათ არ სურთ, მათივე თანხმობის გარეშე რამე გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რაც, მისივე თქმით, ლოგიკურია.

შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად მესტიიდან ჩამოსული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

"აუცილებელია, ყველას ესმოდეს, რომ არ შეიძლება ისეთი მეგაპროექტების განხორციელება, რომლიც საზიანოა მოსახლეობისთვის, გარემოსთვის და არც ეკონომიკური თვალსაზრისითაა მომგებიანი", - თქვა ხაიშის მკვიდრმა ზურაბ ნიჟარაძემ. 

სამუშაო შეხვედრა ფონდ „პური მსოფლიოსათვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.




Print