ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში ჯვარედინა სასახლისა და ორანჟერეის პროექტირებაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში არსებული ორანჟერეისა და ჯვარედინა სასახლის პროექტირებაზე მუნიციპალურმა ფონდმა ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. გარდა ამისა, გამარჯვებულმა კომპანიამ ბოტანიკურში წყლის ძველი სისტემისა და გადასასვლელი ხიდის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც უნდა მოამზადოს.

აღნიშნული სამუშაოებისთვის 75 ათასი ლარია გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 4 ეტაპად უნდა აწარმოოს. გარდა მეოთხე (საავტორო ზედამხედველობის) ეტაპისა, პროექტირების და ხარჯთაღრიცხვის მაქსიმალური ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 კვირას, ანუ 5 თვეზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება ბოლო საფეხურს, დოკუმენტაციაში წერია, რომ აღნიშნული დრო განისაზღვრება სამშენებლო სამუშაოებზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

„სასურველია, მომავალში ორანჟერეის დატვირთვა მოხდეს ავთენტური ფუნქციით და არ მოხდეს ნაგებობის შიგნით სხვა ფუნქციური ელემენტის შეტანა, ასევე, ჯვარედინა სასახლეს უნდა ჩაუტარდეს კონსერვაცია სათანადო მეთოდოლოგიის შერჩევით. იატაკის დონეზე, საპროექტო გადაწყვეტების დროს მუდმივად ჩართული უნდა იყოს არქეოლოგი. პროექტში ასევე ჩართული უნდა იყოს ბოტანიკოსი. გადასასვლელი ხიდის კონსერვაციამდე უნდა მოხდეს მისი არქეოლოგიური გამოკვლევა ( სასურველია მთლიანად გაწმენდა-გამოჩენა). სასურველია, წყალსადენის სისტემის შემოსასვლელი ლაღიძის ქუჩიდან იყოს გამოჩენილი, შენარჩუნებული და მნახველისთვის თვალსაჩინო. ასევე, სასურველია ჩანდეს წყალსადენის ის ნაწილიც, რომელიც გადის ორანჟერეის ჩრდილოეთი კედლის ქვეშ. დაცული და გამოჩენილი უნდა იყო წყალსადენის ის ნაწილი, რომელიც ოთხკუთხა მილსადენითაა გადაკვეთილი ჯერ კიდევ ძველ დროში. -პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნას არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი არტეფაქტების განთავსების ადგილი (სამუზეუმო სივრცე)“, - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში შენიშვნის სახით.

უფრო ადრე, 2018 წლის ნოემბერში, ბოტანიკური ბაღში არსებული ორანჟერეის და ჯვარედინა სასახლის ნაგებობების სარეაბილიტაციო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. კომისიის გადაწყვეტილებით, შეწყვეტის მიზეზი კონკურსში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გახდა.

მაშინ ტენდერის ღირებულება 72 033 ლარს შეადგენდა.

ახალ ტენდერში კი, რომელიც 6 ივნისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 22-დან 27 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.




Print