რეგიონი
„სირცხვილია“ - გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით აქცია ზუგდიდშიც გაიმართება
24 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში აქცია სახელწოდებით „სირცხვილია“ გაიმართება. მისი ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან და ზუგდიდელებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

„მოდი, თუ შენთვის სულერთი არაა ქვეყნის ბედი და მიმდინარე მოვლენები. ძალაუფლების მქონე პირები უნდა მიხვდნენ, რომ ადამიანთა უფლების დარღვევის ხარჯზე ვერავინ შეძლებს ამ ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნებას. ძალაუფლება რეალურად ეკუთვნის ხალხს!

ჩვენი მოთხოვნაა:
- გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია. მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
- მოხდეს დროული გამოძიება და დაისაჯონ აქციის დამრბევები, ყველა, ვინც ძალას გადაამეტა!
- გათავისუფლდნენ უდანაშაულოდ დაპატიმრებული პროტესტანტები!
- დაიწყოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი, რომელიც მოახდენს ძალაუფლების ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ჩაგდების პრევენციას.
ბოლო დროს აღინიშნება ტენდენცია, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღების შემთხვევაში ცდილობენ გაგაჩუმონ, რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი მიკუთვნებულობა დაგაბრალონ, დაგცინონ და ასე დაგაკარგვინონ თანამოაზრეები.

გახსოვდეს, შენი ხმა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ცდილობენ მის ჩახშობას. გახსოვდეს, შენ იქ გამოხვალ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიმსახურებთ სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას!“, - აღნიშნულია აქციის საორგანიზაციო განცხადებაში.

თბილისში რუსთაველის გამზირზე, უკვე მეოთხე დღეა, აღნიშნული მოთხოვნებით რამდენიმე ათასი ადამიანი ხელისუფლებას მიმართავს. მათი პროტესტი 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლამ და ღამით, ანტისაოკუპაცო აქციის დარბევამ გამოიწვია.

20 და 21 ივნისს თბილისის მოვლენები ზუგდიდშიც გააპროტესტეს.
Print