ახალი ამბები
ზუგდიდში გამოცდებს აფხაზეთიდან გადმოსული ექვსი მოსწავლე აბარებს
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, სადაც ამ წუთებში გამოცდები ქართული ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, სულ რეგისტრირებული 434 აბიტურიენტიდან, დილის სესიაზე 41-ით ნაკლები გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოცდას აფხაზეთიდან გადმოსული ექვსი აბიტურიენტი აბარებს.

„აფხაზეთიდან გუშინდელი გადმოსული 6 აბიტურიენტი ესწრება დილის სესიას და არ ვიცი პირველი საათისთვის ვინ მოვა, ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ არიან ბავშვები ვინც ჯერ ვერ ახერხებს გადმოსვლას ე.წ. საზღვარზე“, - ამბობს ნანა ქირია.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ენგურის ხიდზე, ე.წ საზღვართან აბიტურიენტები ზუგდიდში გადმოსასვლელად ნებართვას ამ დრომდე ელოდება.

ისინი ოკუპირებულ გალში 27 ივნისს სასკოლო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდნენ. ამავე საღამოს კი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ენგურის ხიდზე მიმოსვლა ამ დრომდე შეზღუდულია. გადაადგილება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს და ექიმის ცნობის მქონე პირებს შეუძლიათ.


Print