ახალი ამბები
აბიტურიენტები: თემურ ნადარაიამ გვითხრა, რომ ენგურის ხიდზე არ გაგვატარებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ზუგდიდში გადმოსვლას 40-მდე აბიტურინეტი ელოდება. რამდენიმე მათგანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ადგილზე გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია იმყოფებოდა, რომელმაც შეკრებილებთან თქვა, რომ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ენგურის ხიდზე გადასვლის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

„ნადარაია იყო აქ მოსული და ასე თქვა, რომ მხოლოდ 18 წლამდე ბავშვიან ქალებსა და პენსიონერებს გაატარებენ. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს არაო. მაინც ვდგავართ და ველოდებით, ნაწილი უკვე სახლში წავიდა“, - გვითხრეს აბიტურიენტებმა, რომლებმაც ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ.

27 ივნისს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო აბიტურიენტების ნაწილი ეროვნულ გამოცდებზე ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას ინფორმაციით, ზუგდიდში გამოცდების პირველ სესიას აფხაზეთიდან გადმოსული 6 მოსწავლე ესწრება.

წელს ეროვნულ გამოცდებზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 150-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.


Print