ახალი ამბები
მერის მოადგილე ბოდიშს უხდის შშმ პირს, რომელმაც ავტობუსით ვერ ისარგებლა
ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა სოფია ჩახაიას, რომელმაც შშმ პირთათვის ადაპტირებული ტრანსპორტით ვერ იმგზავრა ბოდიშს უხდის. იგი პირობას დებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერი მოქალაქის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას.

„მინდა გამოვეხმაურო კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ფაქტს და პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი სოფიოს იმ შექმნილი უხერხულობისა და უსამართლობისთვის.  მინდა, პირობა მივცე, სოფიოს და თითოეულ ზუგდიდელს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერი მოქალაქის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მზად ვართ ზუგდიდელებს ვაგრძნობინოთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს მათზე“, - ამბობს კაკავა.

ეტლით მოსარგებლე სოფია ჩახაიამ, რომელიც ზუგდიდის სოფელ კახათიდან სამსახურში, სოციალურ საწარმო „ჰანგში“ უნდა წამოსულიყო,  შშმ პირთათვის ადაპტირებული ავტობუსით ვერ ისარგებლა.  საწარმოს ხელმძღვანელის რუსლან საჯაიას თქმით, ავტობუსის მომლოდინე სოფიას მძღოლმა უთხრა, რომ ბაქანი გაჭედილი იყო და მას ვერ მოემსახურებოდნენ. საჯაიას თქმით, მძღოლი ვალდებული იყო გადმოსულიყო და მგზავრისთვის აეხსნა, თუ რა ვითარება იყო და მისთვის დახმარება შეეთავაზებინა.

რაც შეეხება მძღოლს ბაჩო თირქიას, იგი უარყოფს ფაქტს, რომ მგზავრს არ შესთავაზა დახმარება.


Print