ახალი ამბები
„პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისათვის“- შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბიზნესკომპანიების და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობას ცნობიერების ამაღლება, კვალიფიციური კადრები და  ბიზნესის განვითარების გეგმის არქონა უშლის ხელს. საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა თვლის, რომ  სოფლის მეურნეობა კვალიფიციური აგრონომების გარეშე ვერ განვითარდება. რაც შეეხება მეწარმე მაია კოდუას, მან საჭირო კადრების მიგრაციის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზდობა ტოვებენ ისეთ სოფლებს, სადაც ტურიზმის და აგრობიზნესის განვითარებაა შესაძლებელი.  „კოოპერატივი ნექტარი 2016-ის“ წევრი ლამზირა რაფავა ამბობს, რომ წარმოებული პროდუქციის გასაღება უჭირთ.  

„სახელმწიფო დაგვეხმარა შევიძინეთ ყუთები, მისაბმელი, კმაყოფილები ვართ, მაგრამ ასევე შეგვპირდნენ, რომ გვექნებოდა გასაღების ბაზარი.  ჩვენს პროდუქციას ვყიდით ბაზარში სხვა ქალაქებში, მაგრამ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განვითარდეს ეს დარგი. ასე მგონია, რომ სახელმწიფომ  უნდა შეუწყოს ხელი თაფლის ორგანიზებულ ჩაბარებას. მაშინ ალბათ მეფუტკრეც და მთელი ჯგუფი დაირაზმება იმისათვის, რომ გაზარდოს მათი წარმოება ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერაც კი“, - აღნიშნა რაფავამ.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს  სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის განვითარების გეგმის შემუშავებისთვის. მისივე განმარტებით, დოკუმენტის შექმნის მიზანი, სიღარიბის აღმოფხვრა, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ოპტიმალური, პრიორიტეტული ეკონომიკის სტრუქტურის ჩამოყალიბებაა.

„ეს არის მდგრადი განვითარების თემატიკაზე საუბარი. ერთობლივად ამას განიხილავს კერძო სექტორი, ბიზნეს სექტორი, არასამთავრობო და სახელისუფლო სექტორი. რა თქმა უნდა,  მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა. იმ მხრივ, რომ ჩვენ გვგონია  და მიგვაჩნია, უპირველესად გვქონდეს სწორი სტრატეგია, რომელიც მორგებული იქნება არსებული მდგომარეობის ანალიზზე იმ გამოწვევებსა და ამოცანებზე, რომლებიც უნდა გადაჭრას მუნიციპალიტეტმა, რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან ერთად. არის საკმაოდ კარგი მოსაზრებები, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ესა თუ ის დარგი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი“, - ამბობს მამუკა წოწერია.

შეხვედრის მონაწილეებმა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს გაეცნენ და სამომავლო პარტნიორობაზე იმსჯელეს.

გლობალური შეთანხმება (UN Global Compact), რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია ქვეყანაში მომუშავე ბიზნესკომპანიების და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. 

შეხვედრა  შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

















Print