ახალი ამბები
ზუგდიდში რუსთავი2-ის და ლგბტქი აქტივისტების წინააღმდეგ აქცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან თბილისში ლგბტქი აქტივისტების მიერ ჩატარებული „ღირსების მარში“ და ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგი გააპროტესტეს. მათი თქმით, საქართველოს პარლამენტის წინ ლგბტქი დროშის აღმართვა სირცხვილია.  რაც შეეხება გიორგი გაბუნიას მონოლოგს, შეკრებილები თვლიან, რომ ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით გინება ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის. 

დევნილი მურმან მალაზონია ამბობს, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მისმა ხელმძღვანელებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.

„მთელი საქართველო და მათ შორის, მთელი ზუგდიდი განცვიფრებულია იმით, რაც მოხდა ქვეყანაში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებოდით ამ პროცესს... ჩვენი პოზიცია არის მარტივი, არ ვითხოვთ "რუსთავი2"-ის დახურვას, ამაზე შეიძლება მთელი ევროპა აღშფოთდეს. ეს არც ჩვენ არ გვინდა, მაგრამ მათი სარედაქციო პოლიტიკა უნდა დასრულდეს, უნდა დატოვონ თანამდებობები იმ ადამიანებმა, ვინც ტელევიზიაში ამინდს ჰქმნის. ერთხელ და სამუდამოდ ისინი უნდა ჩაებან საზოგადოების სამსახურში. კეთილი ინებონ და თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა  იმ პრობლემებზე, რაც რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნებათ“, - თქვა მურმან მალაზონიამ.

აქციის წევრები თანხმდებიან, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა  პრობლემის გადაჭრა  ქუჩის აქციებით ვერ წარმოუდგენიათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თანამშრომლის რამინ საჯაიას თქმით, რუსთაველის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია, ლგბტ-ების მხარდაჭერაში გადაიზარდა, რაც მისთვის მიუღებელია. საჯაიას თქმით,  თავდაპირველად იქ გულანთებული ახალგაზრდები იდგნენ, თუმცა სიტუაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით სხვა მიმართულებით განვითარდა.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება უნდა ჩვენს ბავშვებს, ჩვენს ოჯახს. გვინდა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი შეიკავოს აგრესიული მოქმედებებისკენ. ჩვენ ვართ ელგბტ თემის და მისი მხარდამჭერების  წინააღმდეგი. გუშინ სასწაული ნახეს საქართველოში, პარლამენტის წინ ფრიალებდა ლგბტ დროშა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველის ერის. ეს ხალხი არის ქართველი ერის მტერი. აქცია, რომელიც თავდაპირველად იყო, მართლა გულანთებული ახალგაზრდებისგან შედგებოდა, მაგრამ მერე გადავიდა სხვა რელსებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით. რაც შეეხება გახარიას გადადგომას მე არ ვემხრობი ამ მოთხოვნას. რუსეთი არის ოკუპანტი, ეს მთელმა მსოფლიომ თქვა და არ არის საჭირო ახალი ველოსიპედების გამოგონება“, - რამინ საჯაიამ.

შეკრებილები ამბობენ, რომ მშვიდობა სურთ და თბილისში მიმდინარე აქციების შეწყვეტას ითხოვენ.

რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქათველოს პარლამენტში ყოფნაზე და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებაზე ამბობენ, რომ თუ სტუმარს მიიღებ, მას შესაბამისად უნდა დახვდე.

მანამდე აქციის მონაწილეებმა "რუსთავი 2"-ის მიკროფონისა და ლოგოს გამოჩენა გააპროტესტეს.





Print