ახალი ამბები
ზუგდიდში ჩოგბურთის კორტების მოწყობა იგეგმება
ზუგდიდში, ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე, ჩოგბურტის მოედნების მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესახებ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ჩოგბურთის პოპულარიზაციის შესახებ საუბარი ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა თენგიზ ხარჩილავამ წამოიწყო. მან ჩოგბურთის სკოლის მშენებლობის თხოვნით მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.

„კარგი იქნება, თუ ზუგდიდში იქნება სკოლა ორი მოედნით, ავტოსადგომით, ღამის განათებთ, გასახდელით, სასწავლო კორპუსი, რაც მთლიანობაში ბიზნესის წარმოებისთვისაც საინტერესოა. ზუგდიდელები, ვისაც სურვილი აქვთ, ამ სპორტით დაკავდნენ, მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას და თუ ვიზრუნებთ, რომ იყოს ამისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კარგი იქნება“, - აღნიშნა ხარჩილავამ.

მის საპასუხოდ, მერმა აღნიშნა, რომ ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, ჩოგბურთის ღია მოედნების მოწყობა იგეგმება.

„საძირკველს ჩავუყრით ამ თემას. სპორტული კომპლექსის მოპირდაპირე მხარესრჩება საკმაოდ მოცულობითი სივრცე, სადაც ვგეგმავთ ღია კორტების მოწყობას. ეს ხელს შეუწყობს პოპულარიზაციას და თუკი სპორტის ეს სახეობა ინტერესს გამოიწვევს, მერე ვიფიქროთ სკოლაზე“, - აღნიშნა შენგელიამ.

ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. უკვე გადაწყვეტილია, რომ აქ ყინულის სახლს გადაიტანენ და ასევე საცურაო აუზს ააშენებენ.




Print