ახალი ამბები
ზუგდიდში ჭიდან მიწაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში მდებარე ჭიდან მაშველებმა ჭის ხელოსნებთან ერთად რამდენიმე წუთის წინ მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია, დაახლოებით, 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილზე ჯომიდავას ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები.

"ჭა იყო ძალიან ვიწრო და მაშველებსა და დამხმარეებს უამრავი მიწისა და თიხის ამოტანა დასჭირდათ. ყველაფერი გააკეთეს მათ. დაღუპული ჩემი ახლობელია, აფხაზეთიდან დევნილია და მთელი ცხოვრება ამ საქმეს აკეთებდა”,-თქვა დაღუპულის ნათესავმა ჯონი ჯომიდავამ.

ცხედარს შემთხვევის ადგილიდან ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

72 წლის აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი, შვილთან ერთად, წის წმენდის სამუშაოებზე დაიქირავეს. მას შემდეგ, რაც მამაკაცი ჭაში ჩავიდა, მისი შვილის ინფორმაციით, მიწა ჩამოიშალა და ის ქვეშ მოიყოლა.

მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print