რეგიონი
ჭაქვინჯში სავარაუდოდ ჯიხას ფრაგმენტები აღმოაჩინეს (ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში, სათირქიოს უბანში, სკურჩეს ხეობაში ბორცვზე რიყის ქვისგან ნაგები შენობის საძირკველი და ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერებით და წინასწარი ვარაუდით, გამოვლენილი ობიექტი ისტორიული ,,ჯიხას“ ფრაგმენტებია. ამავე ცნობით, პირობითად აღმოჩენას,,სათირქიოს ჯიხა“ შეიძლება ეწოდოს.

ამავე ცნობით, შემორჩენილი საძირკვლის ფრაგმენტები წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ნაგებობა აგებულია რიყის ქვისა და კირის კონგლომერატით. ადგილი ხშირი ეკალ - ბარდითაა დაფარული.

აღნიშნული აღმოჩენის შესახებ მერია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობებს.

ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

Print