ახალი ამბები
ზუგდიდის გენგეგმის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
ქალაქ ზუგდიდის ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავების პროექტირება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი გამოყო.

„ზუგდიდი დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვისაც, რაც აჩენს ახალ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებს და მშენებლობებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დაცვის, ქალაქის მთავარი უბნებისა და ქუჩების არქიტექტურის და იერსახის გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის კომპლექსურად მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ქალაქის ახალი ქალაქმშენებლობითი გეგმა. ახალი გენგეგმა ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ ღირებულებასა და მნიშვნელობას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას“, - აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული პროექტისთვის 2019 წელს 90 ათასი, 2020-ში კი 360 ათასი ლარი დაიხარჯება.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დასრულდება. პროექტირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

გიორგი შენგელია: სამინისტროსთან ერთად ზუგდიდის ცენტრის გენგეგმის პროექტირებაზე ვმუშაობთ
Print