ახალი ამბები
ზუგდიდში პატიმრის დედა შველას ითხოვს (ვიდეო)
25 წლის პატიმრის დედის ნესტან ცირდავას თქმით, შვილი, რომელიც ყაჩაღობის მცდელობისთვის ბათუმის #3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს, ცუდ პირობებში ჰყავთ. ცირდავა ამბობს, რომ ამის შესახებ ნიკა ლოგუა საპყრობილიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

„თავდაპირველად ქუთაისში იყო, მერე გადაიყვანეს ბათუმის ნომერ მესამე დაწესებულებაში. ორი წელია რაც ბათუმშია. მოუთხოვია სახალხო დამცველთან შეხვედრა და მას მერე დაიწო ზეწოლები. არ მისცეს საჭმელი და მიიყენა თვითდაზიანება. როგორც ვიცი ადევს ჩვიდმეტი ნაკერი და არის ცუდ მდგომარეობაში. მე არ მაძლევენ უფლებას, რომ ვნახო ჩემი შვილი. მწერს, მიშველეო, დედაჩემოო. 27-ში დამირეკა, წერილს გიგზავნიო, რისკის ფაქტორი ორი დღით მომეხსნაო და წერილი დღეს მოვიდა. იქ ისეთი რაღაცები წერია, არ ვიცი. უხმაუროდ სიკვდილს არ ვაპირებო. მეუბნებიანო, რატომ ხარო მეორეჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რატომ დააშავეო, ფიზიკურად მეხებიანო და ფსიქოლოგიურად ანადგურებენ“, - ამბობს ცირდავა.

მან რადიო „ათინათს“ შვილის მიერ გამოგზავნილი წერილის ასლები წარუდგინა. რომელშიც ლოგუა დედას წერს, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს დაიწყო შიმშილობა და მიიყენა თვითდაზიანება.  შვილი დედას წერილის გასაჯაროებას სთხოვს.
მოწოდებული ფურცლების რაოდენობა არასრულია
როგორც ცირდავა ამბობს, დახმარების თხოვნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისსაც მიმართა. ინფორმაცია მიაწოდა ასევე შვილის ადვოკატს იოსებ ჯანაშიასაც.

თავის მხრივ მსჯავრდებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ იგი პატიმრის სანახავად ბათუმში ჩასვლას ორშაბათს გეგმავს.

„წავიკითხე წერილი და ვაპირებ ორშაბათს ჩავიდე მასთან. როგორც წერილში წერს, ციხეში ყოფით პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა სახალხო დამცველს, რის გამოც ციხის ადმინისტრაციასთან შეექმნა პრობლემები. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ადგილზე გადავამოწმებ“,-  თქვა ჯანაშიამ.

მისივე ინფორმაციით, ნიკა ლოგუა 2016 წელს ზუგდიდში სუპერმარკეტ "ნიკორას" ქურდობის მცდელობის გამო დააკავეს.



Print