ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოსთან შოთიკო ცირგაიას დედამ აქცია გამართა (ვიდეო)
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში 2016 წელს გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. ცირგაიას დედის ირინა წურწუმიას თქმით, შვილის სიკვდილიდან ამ დრომდე ვერ მიიღო პასუხი, დადგინდა თუ არა ექიმის ბრალეულობა.

"სამი წლის წინ დავკარგე 19 წლის შოთა ცირგაია, უბრალო გაციების გამო. სამი წელი სრულდება და ჯერ ოჯახს არ გვაქვს პასუხი, არის თუ არა დამნაშავე ექიმი. განა ბევრ რამეს ვითხოვთ, დაასრულოს ექსპერტიზამ თავისი საქმე, თქვან, არიან თუ არა დამნაშავეები, თუ არ არიან, ისიც თქვან. ნუთუ ამდენი დრო სჭირდება ერთი საქმის გადახედვას. ექსპერტიზის პასუხი არის, რომ შოთიკო გარდაცვლილია ჟანგბადის უკმარისობის გამო. ახლა უნდა დაამტკიცონ,  მაია ჯალაღონია არის თუ არა დამნაშავე და ის ჯგუფი, რომელიც მის გვერდით იყო იმ საღამოს“, - ამბობს გარდაცვლილის დედა ირინა წურწუმია.

ოჯახის ახლობლები საქმის დასრულებას ითხოვენ და ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაცვლილის დედა საკუთარ საქციელზე პასუხს არ აგებს. შოთიკო ცირგაიას დეიდის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია.

„ვერ ვამშვიდებთ ოჯახის წევრები, ვერც შვილები. ოქტომბერში სრულდება შოთიკოს გარდაცვალებიდან სამი წელი. ჩემი და ამბობს, რომ საკუთარ თავზე არ აგებს პასუხს და არ მინდა რაიმე ცუდი ჩაიდინოს“, - ამბობს დიანა წურწუმია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კომენტარს არ აკეთებენ. საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობდა.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ, ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა.

Print