ახალი ამბები
ზუგდიდში სავარაუდოდ წყლით მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
შს სამინისტრომ ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე ადგილობრივების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ გამოძიება სსკ 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თეთრი გიორგი ქუჩიდან რვა ადამიანი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, აქედან მკურნალობას ექვსი აგრძელებს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტებს გულისრევა, ფაღარათი და ცხელება აღენიშნებოდათ. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივები ჭის წყლის დაბინძურებას საკანალიზაციო მილის დაზიანებას უკავშირებენ.

ადგილზე საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ლუდვიგ ფაიფერი“ ახორციელებს. პროექტის მენეჯერის დრაგან ჯორჯევიჩის თქმით, პრობლემა მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს არ გამოუწვევია.

„შეგიძლიათ ნახოთ რა დაშორებაზე ძველი საკანალიზაციო მილი, ზედაპირიდან 30 სანტიმეტრშია და ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანდეს. ამ მილზე სამი სახლია დაერთებული და კუსტარულად არის გაკეთებული. ჩვენ გავუწევთ დახმარებას მოსახლეობას, მაგრამ ეს კანალიზაცია მოსაწესრიგებელია. ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ სოლიდარობის გამო მოგვაქვს მათთვის წყალი, დახმარებას ვცდილობთ“, - თქვა მან.

მოსახლეობას ადგილზე შეხვდა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია. იგი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ამ საკითხს შეისწავლიან. მერი ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც დაზარალებულები მოინახულა.

მერიაში აცხადებენ, რომ თეთრი გიორგის ქუჩის მაცხოვრებლებს წყალს ყოველ დილით მიაწვდიან.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში თეთრი გიორგის ქუჩის რამდენიმე მცხოვრები ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს
Print