ახალი ამბები
„კულტურა საზღვრებს გარეშე“ ღონისძიებები ზუგდიდში, რუხსა და ტყაიაში ჩატარდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ზუგდიდში, ასევე სოფელ ტყაიასა და რუხში პროექტის "კულტურა საზღვრებს გარეშე" ფარგლებში ღონისძიებები წელსაც გაიმართება.

პროგრამის მონაწილეები, მეცნიერები: ნატო მარშანია, ლია ახალაძე და მანონ ბულისკერია ქართულ - აფხაზურ ურთიერთობებზე და კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. მკითხველთან შეხვედრები ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება.

ასევე, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა -"პროფორიენტირი" გაიმართება. მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

პროექტის დასკვნითი ნაწილი ზუგდიდის მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება. შემაჯამებელ კონცერტში ზვიად ბოლქვაძე  და მუსიკალური ბენდი "ნიუტონი" მიიღებენ მონაწილეობას.

ტყაიაში, რუხსა და ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი ასე გამოიყურება:

6 სექტემბერი

16:45 - 17:00 - სოფ. ტყაიას საჯარო სკოლის ეზოში მდებარე სკვერის ბიბლიოთეკის "სკვერის ბიბლიოთეკის" წიგნადი ფონდის განახლება;

17:10 - 17:30 - სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: "აფხაზი არისტოკრატები დევნილობაში" (წიგნის პრეზენტაცია) - წარმდგენი გამოცემის ავტორი - მკვლევარი ნატო მარშანია.

17:35 – 17:55 - სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: "აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები" (წიგნის პრეზენტაცია) - წარმდგენი გამოცემის ავტორი - ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე;

17:00 – 17:25 - სოფ. რუხის საჯარო სკოლა: ლექცია: "თანამედროვე მწერლები დევნილობაში" - წარმდგენი პოეტი მანონ ბულისკერია;

17:30 – 17:50 - სოფ. რუხის საჯარო სკოლა: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა - "პროფორიენტირი" - წარმდგენი პროგრამის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი დემეტრე მოდებაძე;

17:50 - 18:00 - სოფ. რუხის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებით განახლება.

19:00 – 20:10 ქ. ზუგდიდი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - მუსიკალური კონცერტი - ზვიად ბოლქვაძე და ბენდი " ნიუტონი".

პროექტი "გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის" მიერაა ინიციებული. პროექტის პარტნიორები არიან: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა "პალიტრა L".

Print