ახალი ამბები
ზუგდიდის მერია საყვავილეებს გადაიტანს
ზუგდიდის ცენტრში, შადრევანთან მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგმულ ქვის საყვავილეებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მოქალაქეების დიდ ნაწილს ის არ მოსწონს და კვერცხს ადარებს, ნაწილი კი დადებითად აფასებს, თუმცა წერს, რომ ადგილი არასწორადაა შერჩეული.

„ყველაფერი რუსეთიდან გადმოაქვთ. იქაც არის მსგავსი სისულელე. საბიანინის (მოსკოვის მერი) კვერცხებს ეძახიან. აქ არ ვიცი ვისი კვერცხების საპატივცემლოდ განათავსეს“.

"კარგია რომ ჯერ ფოტო ვნახე, პირისპირ შეხვედრისთვის მორალურად მოვემზადები".

"კატასტროფა, ვერაფერი გავუგე".

"ქოთნების ამბორი ? თუ რა ჰქვია ამას?"

„ვერ ავხსენი ამ საშინელების საჭიროება ქალაქისთვის. არაერთგზის დავწერე აღნიშნულთან დაკავშირებით. მივმართავ მათ ვისაც ეხება, რომ გადასახადის გადამხდელთა თანხები გაიხარჯოს მიზანმიმართულად და საზოგადოების საჭიროების შესაბამისად, ნუ გაატანთ ფულს ქარს“.

“ორი დიდი გუნდა თუ რა? რასთან არის კავშირში. შეიძლება ორიგინალური იყოს მაგრამ ლოკაცია ცუდად არის შერჩეული“.

"ფოტოშოპია, არ დაიჯერო".

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა დიმიტრი ფაცაციამ, რადიო "ათინათს" უთხრა, რომ შადრევნებთან განთავსებული საყვავილეები დროებით დაიდგა და მათ, სავარაუდოდ, იუსტიციის სასახლის მიმდებარედ გადაიტანენ.

"კიდევ ერთ ქოთანს ველოდებით და დღეს საღამოს გადავიტანთ. სავარაუდოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ დაიდგმება", - თქვა ფაცაციამ.

რამდენიმე ქვის დეკორატიული საყვავილეების შესაძენად მუნიციპალიტეტის მერიამ 20 000 ლარი დახარჯა.



Print