ახალი ამბები
სუს-მა ზუგდიდში გზდ-ის თანამშრომელი ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავა (ვიდეო)
სუს-ის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ბრალდებით გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი ვაჟა ბ. დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრის ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს, ქრთამის მიცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
ვიდეო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
Print