ახალი ამბები
სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე ზუგდიდში ისაუბრეს (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სექსუალური შევიწროების დეფინიციის გაჩენას საკანონმდებლო დონეზე და ამ კუთხით მანამდე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი დიანა დავითაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების  ინსპექტორი ნატი გელოვანი უძღვებოდნენ. წილოსანის თქმით, კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყოველი მესამე ქალი ნაწილობრივ სექსუალური შევიწროების მსხვერპლია.

“განსაკუთრებული მნიშვნელობის არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სექსუალური შევიწროების კუთხით მივიღეთ პარლამენტში. ის მაქსიმალურად უნდა გავაცნოთ მოსახლოებას, საჯარო მოხელეებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, იმიტომ, რომ ეს კანონმდებლობა არ დარჩეს, მხოლოდ კანონმდებლობად. ის ფაქტი, რომ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყოველი მესამე ქალი ნაწილობრივ ყოფილა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, თავისთავად მიგვანიშნებს პრობლემის აქტუალობაზე. ეს პრობლემა გვხვდება სამსახურებში, ეს იქნება კერძო თუ საჯარო დაწესებულება. ამიტომ საზოგადოებისთვის ამ საკითხის სწორად მიწოდება არის მნიშვნელოვანი“, -  აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ისაუბრა, თუ რა უფლებამოსილებები აქვს სახალხო დამცველს და როგორ ხდება დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებების შესწავლა. გარდა ამისა, დიანა დავითაძემ აღნიშნა, რომ გასული წლის სტატისტიკის მიხედვით, აპარატში 159 განცხადება შემოვიდა. აქედან, ყველაზე მეტი საჯარო სექტორიდან მიიღეს და მათი უმეტესობა სქესის ნიშნით დისკრიმინაციას ეხებოდა.

„დღევანდელ შეხვედრზე ჩვენ ვისაუბრეთ 2018 წლის თებერვლ-მაისში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც გულისხმობს სექსუალური შევიწროების ცნების გაჩენა კანონმდებლობაში. ასევე, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერება ამ მიმართულებით. 2018 წლის საანგარიშო პერიოდში არსებული სტატისტიკის მიხედვით, 159 განცხადება იყო შემოსული. აქედან ყველაზე მეტი მიემართებოდა საჯარო სექტორს, 49 განცხადება კი კერძო სექტორს. ყველაზე მეტი განცხადება შეეხებოდა სქესის ნიშნით დისკრიმინაციას“, - თქვა სახალხო დამცველი აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის იურისტმა დიანა დავითაძემ.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ გენდერული საბჭოს კანონი მესამე მოსმენით მიიღო. 

Print