ახალი ამბები
მშობელი: დარჩელის საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს იატაკზე გაშლილ საბნებზე სძინავთ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც დარჩელის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ოთახი ჩანს. რამდენიმეწამიან ვიდეოში ვხედავთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ხალიჩაზე გაფენილ საბნებზე წვანან. ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა, თორნიკე ხარამაშვილმა გადაიღო. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ბაღის აღმზრდელებმა კადრის გადაღების საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება ბავშვების იატაკზე დაძინების ფაქტებს, ხარამიშვილის მტკიცებით, დარჩელის ბაღში აღსაზრდელებს სწორედ ასე აძინებენ.

„ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით, უბრალოდ, სხვა გზა არაა, ვერსად წაიყვანენ მშობლები ბავშვებს. საბნები მოგვატანინეს და გვითხრეს, რომ მალეე გამოსწორდებოდა, მაგრამ უკვე აღარ მჯერა.სხვა მხრივ მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს ბაღთან, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიხედონ ამ ამბავს“, - ამბობს ხარამაშვილი.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია კატეგორიულად გამორიცხავს, რომ დარჩელის ბაღში ბავშვებს იატაკზე სძინავთ.

„ვიდეო არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც შეცდომაა. ჩვენ ამ ბაღში საწოლები არ გვაქვს და ისეთი ასაკის ბავშვებია, არ ვაძინებთ საერთოდ. ახალი ბაღის მშენებლობა ოქტომბრიდანაა დაგეგმილი, სადაც 180-ვე ბავშვს გადავიყვანთ. გამორიცხულია, რომ ბავშვები იატაკზე იწვნენ“, - აღნიშნა თოლორაიამ.

რადიო „ათინათი“ აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს და უშუალოდ დარჩელის ბაღის თანამშრომლების პოზიციასა და მეტ დეტალს შემდეგ მასლებში შემოგთავაზებთ.

Print