ახალი ამბები
კუჭის ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი ზუგდიდელი მამაკაცის საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს
რამდენიმე დღის წინ კუჭის ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი ზუგდიდელი მამაკაცის საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისივე თქმით, თუ მედიკოსების მხრიდან გადაცდომა გამოვლინდება, მას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. რაც შეეხება გიორგი გერლიანს, რომელსაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილის არასრულწლოვანმა სცემა, როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ის მათთან გაურკვეველ ვითარებაში მიყენებული დაზიანებებით შეიყვანეს.

,,მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება პაციენტის გარდაცვალების შემთხვევას, კლინიკა არ გაურბის პასუხისმგებლობას. კონკრეტულად ამ შემთხვევას სწავლობს როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ასევე, ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახური და თუ გამოვიდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომა, მას მიეცემა ადეკვატური რეაგირება. რაც შეეხება თავად ექიმს, ის ჩვენსავე კლინიკაში გაურკვეველ ვითარებაში მიყენებული დაზიანებებით გადიოდა მკურნალობის კურსს, თუ რამ გამოიწვია დაზიანებები, ეს უკვე საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ობიექტური რეალობა“, - ამბობს სულხან ორჟონია.

42 წლის მამაკაცს კუჭის ოპერაცია 10 სექტემბერს ზუგდიდის საავადმყოფოში გაუკეთეს. ახლობლების ინფორმაციით, ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და რამდენიმე დღის წინ პაციენტი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარს ქირურგს აბრალებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში გარდაცვლილი პაციენტის შვილმა ექიმს სცემა
Print