ახალი ამბები
ოჯახში მოძალადეებისთვის პირველი მხარდამჭერი ცენტრი ზუგდიდში გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდში ოჯახის მხარდაჭერის ცენტრის გაიხსნა, სადაც საქართველოში პირველად მოძალადეებს მოემსახურებიან. კერძოდ, ადამიანებს, რომლებსაც ოჯახში პრობლემები აქვთ მოემსახურება სოციალური მუშაკი, გაესაუბრება ფსიქოლოგი და საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დახმარებასაც გაუწევენ. ცენტრი ასოციაცია "მერკურმა", პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, გახსნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა თოდუას თქმით, ისინი წლის განმავლობაში 100-მდე ბენეფიციარს მოემსახურებიან.

„პირველ რიგში ვიწყებთ ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან ქცევის კორექციაზე მუშაობის. ვიწყებთ თანამშრომლობას პრობაციის ეროვნულ ცენტრთან, რომ მოხდეს მათთან ერთად ამ ბენეფიციარების მომსახურება. ეს არის სიახლე ჩვენთვისაც და ქვეყნისთვის, რადგან ამ ტიპის მომსახურებას მხოლოდ  პენიტენციალურ დაწესებულებაში და პრობაციის ბიუროში უწევენ. ასე ვთქვათ საპილოტე პროგრამაა. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე მამაკაცი ცენტრში და უკვე გადიან ფსიქო-თერაპიის კურსს“, - ამბობს ნანა თოდუა.

ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს და დევნილებს მოემსახურება.

პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. მას არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე იმყოფებოდა პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სამართალდამცველები.

მარიუშ მაშკიევიჩი  თქმით, პოლონეთი საქართველოს სხვადსხვა პროგრამებით ეხმარება, რადგან მათ სურთ, რომ ეს ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი გახდეს.

„როდესაც ვსაუბრობთ ოჯახის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია არამარტო პოლიტიკა. არამედ მისი საზოგადოებრივ დონეზე განვითარება. საზოგადოებრივი განვითარება კი დგას ოჯახზე. ამიტომ ვცდილობთ ოჯახებს დავეხმაროთ საქართველოში, რომ ამ პათოლოგიისგან განთავისუფლდნენ“, - განაცხადა ელჩმა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მათი შვილების თავშესაფარი, რომელიც 2018 წლის მარტში გაიხსნა.





Print