რეგიონი
ზუგდიდში მერაბ ქვარაიას ბიუროსთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტის ჩაგდებას ზუგდიდშიც გააპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია სახელწოდებით - „დავიბრუნოთ ქვეყანა!“ უკვე დაგეგმეს და ის 18:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების თქმით, შეკრება სიმბოლურად ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაიმართება.

„ქვარაიას ბიურო იმიტომ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც სხვებთან ერთად ატარებდა საჯარო შეხვედრებს და გვარწმუნებდა ამ კანონის სიკეთეში. ეს არის მოქალაქეების მოტყუება და ამიტომ ხალხი უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 20-21 ივნისის მოვლენების მონაპოვარი და ხელისუფლების დათმობებზე წასვლა აღმოჩნდა ფარსი“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ცაბუნია ვართაგავამ.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ: ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია, წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატმა მერაბ ქვარაია.



Print