ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლებში ბულინგის თემაზე სტიკერები დარიგდება
ზუგდიდელი მოზარდის გიგი სიჭინავას ნახატი სტიკერების სახით დაიბეჭდება, რომელიც სკოლებში მოსწავლეებს დაურიგდებათ. სტიკერები თვალსაჩინო ადგილას, მერხებზე გაიკვრება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ უთხრა. მისივე თქმით, სკოლაში ბულინგის პრევენციის კუთხით ბევრი ღონისძიებები ტარდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„სკოლებში დავარიგებთ ამ სტიკერებს, რომელიც ინდივიდუალურად ყველა მოსწავლის მერხზე გაიკვრება. მოსწავლე დახედავს და გაახსენდება, რომ არა ბულინგს. ბულინგის პრევენცია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ძალიან ხშირად არის სკოლებში ბულინგის შემთხვევები და ხშირად იდენტიფიცირებასაც ვერ ვახერხებთ. ამ იდეას ზუგდიდის მერია მხარს უჭერს და სტიკერები ძალიან მალე დაიბეჭდება“, - აღნიშნა კახა ფარცვანიამ.

აღნიშნული იდეა გიგის დედას ნათია სახოკიას ეკუთვნის. ის ამბობს, რომ თავდაპირველად სტიკერების დარიგებას ერთ სასწავლო დაწესებულებაში  გეგმავდა, თუმცა რესურსცენტრის  მხარდაჭერით ყველა სკოლაში გავრცელდება.

„მე თვითონ ვარ მომსწრე ბევრი ფაქტის, თუ როგორ აბულინგებენ ბავშვები ერთმანეთს. ეს თემა ჩემთვის ძალიან ახლოსაა და მინდოდა პატარა წვლილი შემეტანა საინფორმაციო კუთხით. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება და მეტი ღონისძიება ჩატარდება ცნობიერებაც უფრო ამაღლდება. რადგან  გიგის ჰქონდა ამ თემაზე ნახატი, ვიფიქრე რომ სტიკერები გამეკეთებინა. სტიკერები თვალსაჩინო ადგილას გაიკვრება. ვფიქრობ, რომ ბავშვებს დააფიქრებს“, - თქვა ნათია სახოკიამ.

გიგი სიჭინავამ ბულინგის თემაზე პორტრეტი რამდენიმე თვის წინ დახატა. ნამუშევარში მის მიერ გამოგონილი პერსონაჟი 10 წლის ნიკუშაა გამოსახული, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება და თანატოლები დასცინიან. 

გიგი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. მას საკუთარი სახელოსნოც აქვს, რომელიც მშობლებმა გაუხსნეს. გი­გის 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს, მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში.

Print