ახალი ამბები
“ზუგდიდვაჭრობის” წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
ზუგდიდში სააქციო საზოგადოება “ზუგდიდვაჭრობის” წევრები უნივერმაღ “ენგურის” შენობის წინ შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, უძრავი ქონება “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოტყუებით დაათმობინეს.

სს აქციონერის თამაზ წულაიას თქმით, მათ 2007 წელს ქონება, სადაც სავაჭრო ობიექტები იყო განთავსებული, უკანონოდ ჩამოართვეს და მის დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

“როგორც გავიგეთ, ამჟამინდელ მეპატრონეს უნდა ამ შენობაში გააკეთოს ტოტალიზატორი. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ და ვმართავთ გამაფრთხილებელ აქციას. ასევე, პროკურატურიდან მოგვივიდა წერილი, რომ საქმეზე იწყება გამოძიება”,-თქვა წულაიამ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საქმე ეხება სააქციო საზოგადოების აქციების 35%-ს, რომელიც მოქალაქე დათო როგავამ, საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიასა და სამეგრელოს გუბერნატორის ზაზა გოროზიას დახმარებითა და უშუალო ხელმძღვანელობით, გადაიფორმა.

Print