ახალი ამბები
ზუგდიდის გენგეგმის პროექტის მიხედვით, ბულვარი ბოტანიკურ ბაღს უნდა მიუერთდეს
ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუტქურულ პროექტებზე, მათ შორის, ქალაქის მთავარი ხეივნის გაფართოებაზე ისაუბრეს. კერძოდ, განიხილება ბულვარის ბოტანიკურ ბაღთან მიერთება. ამასთან, გენგეგმაზე მომუშავე კომპანია „არტსტუდიო პროექტის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბულვარის დასაწყისში და ბოლოში მიწისქვეშა პარკინგი უნდა აშენდეს. ხეივნის მიმდებარედ კი საფეხმავლო და ველობილიკი უნდა მოეწყოს.

პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ და შენიშვნები გამოეთქვათ.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მას არ მოსწონს ბულვარის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგი, რადგან, ფიქრობს, რომ სამუშაოებმა შესაძლოა იქ არსებული ხეების ფესვთა სისტემა დააზიანოს. აღნიშნულზე კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი სულაბერიძემ თქვა, რომ ამ შენიშვნას აუცილებლად გაითვალისწინებენ.

შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქალაქის გენგეგმა „არტსტუდიო პროექტმა“ შეადგინა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

Print