ახალი ამბები
"ამინ!" - სამოქალაქო აქტივისტების პასუხი მაჟორიტარს
ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის კედელზე, სამოქალაქო აქტივისტებმა წარწერა "ამინ" დატოვეს. ამით ისინი, სავარაუდოდ, იმ ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურნენ, რომელიც მერაბ ქვარაიამ გუშინ საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ვილოცოთ ლუკას სულისთვის და ერთმანეთისთვის... იმისთვის რომ ხვალ უკეთესი დღე გვქონდეს, ნაკლები სიძულვილი და მეტი სიყვარული არსებობდეს, იმისთვის,რომ ჩვენი შვილების თაობა მაინც იყოს ბედნიერი და დაცული.სხვაგვარად სიძულვილი, მტრობა , გინება, ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა დაგვანგრევს, გაგვანადგურებს...შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას რაც ადრე ვთქვი, გამოვაცხადოთ 2020 ბავშვთა წლად და მთელი ყურადღება მივუძღვნათ იმას, რომ უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სახელმწიფოს, უკეთესი მომავლის მშენებლობა ახალი თაობის ღირსეულ განათლებაზე და ცხოვრებაზე განსაკუთრებულად ფიქრით და ზრუნვით დავიწყოთ...ბევრი რამე გვაქვს საკეთებელი, რომ ვუპატრონოთ ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს და გაანათლოს ლუკას სული !", - წერს მერაბ ქვარაია ფეისბუქზე.

"ამ ცხოვრების დედაც", დაწერეს სამოქალაქო აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარედაც.

წარწერები, გვიან ღამით, ზუგდიდში რამდენიმე ადგილას გაჩნდა. ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის მიმართ სოლიდარობის ნიშნად სამხარეო ადმინისტრაციისა და პოლიციის შენობებთან დააწერეს "ამ ცხოვრების დედაც", "პატარა ბარბარემ წერა არ იცოდა". ამ წარწერების ნაწილი უკვე წაშლილია.

პროტესტი, რომელსაც აქტივისტები და პოლიტიკოსები ამ ფორმით გამოხატავენ, 15 წლის მოზარდის დაღუპვას უკავშირდება. 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა რამდენიმედღიანი კომატოზურ მდგომარეობის შემდეგ წუხელ გარდაიცვალა. ლუკას ოჯახი პოლიციას მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდა.

Print