ახალი ამბები
მამუკა წოწერია: შამგონაში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტთან საკრებულოს წევრს კავშირი არა აქვს
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შამგონაში წუხელ მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, დეპუტატს ზაზა ხუბუას, რომლის ბოსელშიც 35 წლის გარდაცვლილი ქალი იპოვეს, მომხდართან არანაირი კავშირი არა აქვს.

"ძალიან ცუდი, სამწუხარო ფაქტი მოხდა სოფელ შამგონაში. იპოვეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული ფაქტი მომხდარია ჩვენი მაჟორიტარის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში მდებარე საქონლის სადგომში, რომელიც გარდაცვლილის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის სახლებს შორის მდებარეობს - გარდაცვლილი ზაზა ხუბუას მეზობელია. ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ გამოძიებისგან კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ, მანამდე კი ყველას ვთხოვ, თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან",- განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის სოფელ შამგონაში 35 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ძმა დის გარდაცვალებაში სიძეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი და ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ჩამოკიდეს. მისივე თქმით, გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ეტყობა. გარდაცვლილის ოჯახი სიძის დაკავებას ითხოვს. ახლობლები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.ეკა მიქავას ცხედარი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print