რეგიონი
ზუგდიდის ბიუჯეტს ოპოზიციის გარეშე დაამტკიცებენ
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ბიუჯეტი ქალაქის საჭიროებებზე მეტად თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებულ ადამიანებზეა მორგებული.

"მოსახლეობამ უნდა იცოდეს ამ ბიუჯეტის მინუსები. ფაქტიურად ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მიემართება სახელფასო ფონდს. ეს თანხები იხარჯება იმაში, რომ ვიღაცას გადავუხადოთ თანხა, ეს ვიღაცა არის მმართველი პარტიის აქტივისტი და მას უხდიან იმ ფულს რაც უნდა მოხმარდეს ქალაქს", - თქვა ადამიამ.


ოპოზიციური პარტიის წევრს მერმა გიორგი შენგელიამ უპასუხა. 

"მერიას გააჩნია ააიპ-ები, სერვისული ორგანიზაციები, რომელთა ანაზღაურებაც ყოველთვის მეტია", - ამბობს შენგელია.


რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" დეპუტატებს, მათი თქმით, სხდომის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია.


"სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო "ქართულმა ოცნებამ" პროპორციული არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით. ამას დაემატა ჩემი მორალური პროტესტი კოლეგების მიმართ, რომელიც გამოიხატა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევით. მას შემდეგ არ მქონია საშუალება გამომეხატა ჩემი პოზიცია. მათ დააორგანიზეს პოლიტიკური პარტიის ოფისის დარბევა. ასეთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშროლობა შეუძლებელია", - აღნიშნა შელიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, აღნიშნული თანხები ისეთი ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საზოგადოებისთვის აუცილებელ საქმიანობას ეწევიან და კერძო ბიზნესისთვის ჯერჯერობით მიმზიდველი არ არის. 

"რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის პრეტენზიებს, რომ თანხები დიდი მასშტაბით არის წარმოდგენილი ზუგდიდის მერიის ააიპ-ებისთვის. ესენი გახლავთ ის ააიპ-ები, რომლებიც საზოგადოებრივად აუცილებელ საქმიანობას ეწევიან. ეს გახლავთ დასუფთავების სამსახური, საბავშვო ბაღები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ხარჯები და ა.შ. ეს არის გარდაუვალი ხარჯები, რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით, რომ ეს იყოს კიდევ უფრო ეფექტური", - ამბობს წოწერია.

ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ესწრება.
Print