ახალი ამბები
როგორ შეიძლება განვითარდეს ერგეტის კოლხური ნამოსახლარი
ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ძველი კოლხური ნამოსახლარის - „დიხაგუძუბას“ მიმდებარედ ეკო-მუზაუმის მოწყობაა შესაძლებელი. შესაბამისი პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას უკვე მზად აქვს. DMO-ს აღმასრულებელი დირექტორის ლევან წუალაის თქმით, „დიხაგუძუბას“ რეკონსტრუქციის შემდეგ წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ეთნოგრაფიული მასალები და კოლხური ტრადიციული სამზარეულო. 

გეგმის მიხედვით, ეკო-მუზეუმში შესვლა უნდა ღირდეს კონკრეტული საფასური, რომლის გადახდის შემთხვევაში ტურისტები ბილეთის ნაცვლად მიიღებენ ხელნაკეთ სამაჯურს და ასევე გიდის მომსახურებას. DMO-ში ამბობენ, რომ გაცოცხლებული „დიხაგუძუბა“, ბრენდირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სუვენირების დისტრიბუციის ადგილად უნდა გადაიქცეს. მისი რეკოსტრუირებული მოდელი არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა უკვე შექმნა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 100 000 - 150 000 ლარია. რეკომენდირებულია, რომ აღნიშნული ადგილი რევაზ პაპუაშვილისა და ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას აქტიური თანამშრომლობით განხორციელდეს.


Print