ახალი ამბები
მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე 30 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 250 ძაღლის იზოლირება ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით (ლასოთი/ბადით) და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანა.

ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მათი დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე, სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია.

ასევე, კომპანიამ ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ ცხოველები ბუნებრივ არეალში უნდა დააბრუნოს, ცხოველები უნდა განათავსონ საკარანტინე და შემდგომ იზოლირების ვოლიერებში, ამასთან, უნდა უზრუნველყონ ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, უკურნებელი სენით დაავადებული ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში გადაყვანა.

ცხოველთა ქირურგიული ოპერაციების დროს კი გამოსაყენებელი საანესთეზიო საშუალებებისა და სამკურნალო საჭირო მედიკამენტების სია უნდა იყოს შეთანხმებული სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.

მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ, 2020 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

Print