ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი კომისიის დაკომპლექტება დაიწყო
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებს შორის ორი კანდიდატი მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება.  რადიო „ათინათის“ დირექტორი გია ხასია და ასოციაცია "მერკურის" ხელმძღვანელი ნანა თოდუა ღია კენჭისყრით დღეს აარჩიეს. "ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის" დირექტორის ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, ლოგოს შესარჩევ სპეციალურ საკონკურსო კომისიას 11 წევრი ეყოლება, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

„კომისია დაკომპლექტდება მერიის, საკრებულოს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, "ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის" სპეციალისტებისაგან და დანიშნულების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლისაგან. ასევე მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. ჩვენ გვაქვს ტექნიკური პირობა, როგორი შეიძლება იყოს ლოგო. გამოცხადდება კონკურსი მის შედგენაზე, კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ ვარიანტებს კი სპეციალური კომისია შეარჩევს“, - თქვა ზვიად ქარჩავამ.

კონკურსის მონაწილეებს საკუთარი წინადადებები წარმოდგენა 10-დან 23 თებერვლამდე შეუძლიათ. კომისიამ საუკეთესო იდეა 28  თებერვლამდე უნდა გამოავლინოს.


Print