რეგიონი
ფოთის მერიაში მოქალაქემ თვითდაზიანება მიიყენა
ფოთის მერიაში მოქალაქემ, რომელიც კანცელარიაში განცხადების დატოვებას ცდილობდა, თვითდაზიანება მიიყენა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც  რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს, ინციდენტის მიზეზი მათთვის უცნობია და აღნიშნულ მოქალაქეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

"კანცელარიაში განცხადებას ტოვებდა, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. როგორც ვიცი ჯანდაცვის მიმართულებით ითხოვდა დახმარებას. მას მერიისთვის ადრე არ მოუმართავს და მის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ, უცნობია ის მიზეზიც, თუ რატომ მიიყენა თვითდაზიანება", - ამბობენ მერიაში.

მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი ზედაპირული  ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print