რეგიონი
ფოთის მერია: შევისწავლით იმ მამაკაცის ოჯახის მდგომარეობას, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა
ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის მდგომარეობას, რომელმაც ფოთის მუნიციპალიტეტის  მერიის შენობაში თვითდაზიანება მიიყენა, შეისწავლიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ უთხრა. მისი თქმით, ახალგაზრდას შესაბამის დახმარებას გაუწევენ. 

„მოქალაქე გიორგი ანთიძემ მერიას დღეს მომართა. მას სურდა კანცელარიაში დაეწერა განცხადება სოციალური მდგომარეობის შესახებ. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, კანცელარია გახლავთ მესამე სართულზე, მან კი მეორე სართულზე მიიყენა მცირედი დაზიანება. მოვათავსეთ საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა ამ წუთისათვის სტაბილურია. დეტალური შესწავლის შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი ძმასთან ერთად ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. იპოთეკური სესხით დაკარგეს ბინა, დარჩნენ უსახლკაროდ. ასევე, მისი ძმა არის ძალიან მძიმედ დაავადებული, ის იმყოფება საავადმყოფოში. ამ მძიმე მდგომარეობის გამო, გიორგი ანთიძემ მიიყენა თვითდაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ერთი კვირის წინ მას მიუმართავს სოციალური სააგენტოსთვის, სადაც დეკლარაციის შევსების შემდეგ ის მოხვდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში. აგენტი გამოყოფილია, რომელიც შეისწავლის მათ სოციალურ მდგომარეობას. ჩართული ვართ, როგორც ჯანმრთელობის ასევე, სოციალური კუთხით მაქსიმალურად ეფექტურად გაუწიოთ დახმარება. სამწუხაროა, რომ მას ამ სახის განცხადებით ამ დრომდე ჩვენთვის არ მოუმართავს“, - ამბობს მაია მაკალათია.

ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით, გიორგი ანთიძე ძმასთან ერთად ექვსი წელია ნათესავს ჰყავს შეკედლებული, რადგან საკუთარი საცხოვრებელი არ აქვთ.

ფოთის მერიაში მოქალაქემ, რომელიც კანცელარიაში განცხადების დატოვებას ცდილობდა, თვითდაზიანება მიიყენა.


Print