რეგიონი
როგორი უნდა იყოს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგო - პირობები ცნობილია
ზუგდიდის  ბოტანიკური ბაღის ლოგოს შექმნის საკონკურსო პირობები განისაზღვრა. მათზე რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალური კომისია მუშაობდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ლოგო უნდა იყოს პოზიტიური, მარტივი და ადვილად აღქმადი. ის არ უნდა იწვევდეს მცდარ ასოციაციებს, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი. ლოგო უნდა შეესაბამებოდეს, ბაღის საქმიანობის სფეროს. მასზე აუცილებელია ფიგურირებდეს ენდემური სახეობის მცენარე ან მცენარის შემადგენელი ნაწილი (მაგალითად კოლხური ბზა, ძელქვა თუ სხვა) და დადიანების საგვარეულოს მაიდენტიფიცირებელი შენობის კონტურები, ორნამენტები, აბრევიატურები ან სხვა დეტალები. ლოგოზე ასევე დატანებული უნდა იყოს დადიანების საგვარეულო ბაღის (ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი) დაარსების თარიღი (1840 წელი) და ორენოვანი (ქართული, ინგლისური) წარწერა - „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“.

ამასთან, ტექნიკური პირობების თანახმად, ლოგო უნდა იყოფოდეს ორ ნაწილად - გაფართოებული და ცალკეული მისი დეტალი.თავის მხრივ, ცალკეული ნაწილი უნდა ინარჩუნებდეს გაფართოებულ ლოგოსთან ასოციაციას.

ლოგოსთან დაკავშირებით წინადადებების მიღება გუშინ დაიწყო და 23 თებერვალს დასრულდება. ერთ ავტორს მხოლოდ ერთი ნამუშევრის გაგზავნის უფლება აქვს.

გამარჯვებული, რომელსაც 2020 წლის 20 მარტამდე გამოავლენენ, 2000 ლარს მიიღებს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი კონკურსი 10 თებერვალს გამოცხადდება

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა


Print