ახალი ამბები
ზუგდიდელი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები პარიზში გამოიფინება
გიორგი ქადარიას მიერ ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაცია საფრანგეთში, ფესტივალზე „ქართული დღეები“ გაიმართება. ნახატები ზუგდიდელმა მოსწავლემ ფრანგულად ნათარგმნი ზღაპრისთვის „გვრიტები“ შექმნა. გიორგის თქმით, წიგნის ილუსტრაციებზე ქუთაისის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად იმუშავა და ღონისძიებისთვის თითქმის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა. 

„ფესტივალზე ,,ქართული დღეები პარიზში" ორგანიზატორების მოწვევით მოვხვდი. ესენი არიან „სტუდია N“-ის ხელმძღვანელი არმინე მატევოსიანი და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე. გასულ წელსაც ვიმყოფებოდით სწორედ მათი ჩართულობით პარიზში, სადაც კომპანია „მედუზამ“ ფრანგულად ნათარგმნი ზღაპრის ილუსტრირება შემოგვთავაზა. ჩემთან ერთად საფრანგეთში ქუთაისის სამხატვრო სკოლის ბავშვებიც გაემგზავრებიან. იმედი მაქვს ღირსეულად წარვდგებით ამ ფესტივალზე და ილუსტრირებული ნამუშევრები მოწონებას დაიმსახურებს. ასევე, მექნება ნახატების გამოფენა პარიზში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გიორგი ქადარიამ.

მისივე ინფორმაციით, „სტუდია N“- ის მიერ ორგანიზებულ არაერთ ფესტივალსა და გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. რუმინეთში, სერბეთში, ბულგარეთში, კაბადოკიასა და ერევანში გამართულ ღონისძიებებზე მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ყველა ქვეყანაში, სადაც მიწევს წასვლა, საკრებულოებში, მერიებში ვტოვებ ხოლმე ჩემს ნახატებს - ტრადიციად ვაქციე. ვცდილობ ამ სახით პოპულარიზაცია გავუწიო ჩემს ქალაქს“, - ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი.

გიორგი ქადარია ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეა. არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დრამატული სტუდია,,შთამომავლების "მსახიობი.
Print