ახალი ამბები
ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთში გადაიყვანენ
ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთის სოფელ დვაბზუში, ცხოველთა დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ. მერიის მიერ გამოცხადებულ 30 000 ლარიან ტენდერში ქუთაისში რეგისტრირებულმა კომპანია "ვექტრამ" გაიმარჯვა. გასაწევი მომსახურება მიუსაფარი ძაღლების ჰუმანური მეთოდით დაჭერას, თავშესაფარში გადაყვანას, გამოკვლევას, ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევას და ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნებას გულისხმობს. 

ეს ის კომპანიაა, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინა წლებშიც იმარჯვებდა, თუმცა როგორც "ვექტრას" წარმომადგენლებმა გვითხრეს, მათ თავშესაფარი იქირავეს და ძველ ხელმძღვანელობასთან არაფერი აკავშირებთ.

"თავშესაფარს ახლა ლერი ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობს. აქ ყველაფერი შევცვალეთ, შენობა მთლიანად გავარემონტეთ, ახალი და დიდი ვოლიერი გვაქვს, უსაფრთხო მედიკამენტებს ვიყენებთ და ოპერაციებიც სტანდარტების შესაბამისად კეთდება. თუ ვინმეს არ სჯერა ამის, ჩვენი მზად ვართ ნებისმიერ დროს მივიღოთ და დავათვალიერებინოთ თავშესაფარი", - უთხრეს რადიო "ათინათს" კომპანიაში.

2019 წელს მიუსაფარი ძაღლები შპს "იმერეთი ჯგუფს" ქუთაისში გადაჰყავდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიაზე ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობას გეგმავს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობა დაწყებულია.
Print