რეგიონი
„ლელოს“ ზუგდიდის ოფისი: გზების რეაბილიტაციას აჭიანურებენ, რომ არჩევნებს დაამთხვიონ
პარტია „ლელოს“ ზუგდიდის ოფისში  ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურებულია და მშენებლობის დაწყებას საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირებენ. ამის შესახებ პარტიის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა დღეს სოფელ ნაწულუკუში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან მედიას თბილისი-ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთი უჩვენა და თქვა, რომ აქ უკვე ორი წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა.

„ჩვენი აქ მოსვლა გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილებამ იმ წარმოებული სამუშაოების მიმართ, რომელიც უკვე წლებია გრძელდება. ეს არის უტყუარი კორუფციის ნიშნები. ჩვენ ვდგავართ ზუგდიდი- ჯვარი- მესტიის დამაკავშირებელ მონაკვეთზე. ეს არის ფედერალური  მნიშვნელობის გზა, აქ მოძრაობენ ტურისტები, რომლებიც მიდიან მესტიაში, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ ადარდებს და პრობლემა რჩება ღიად. მოსახლეობა ხმას ვერ იღებს, იმიტომ რომ შეშინებულია. უსასრულოდ გაწელილი ეს სამუშაოები, სავარაუდოდ, კორუფციის წყაროა. პლუს ამას, ეს სამუშაოები იმიტომ არის გაწელილი, რომ დაუკავშირონ არჩევნებს. დაიწყებენ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ამას გვეუბნება წლების გამოცდილება“, - ამბობს ალექსანდრე ახვლედიანი.

აღნიშნული გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. დეპარტამენტში ამბობენ, რომ "ლელოს" განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print