ახალი ამბები
ზუგდიდში ეთნოცენტრი მოეწყობა
ზუგდიდში, ფრანგულ პარკში ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის ,,ეთნოცენტრი - ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" პრეზენტაციაზე მერის მოადგილე გიგა ფარულავამ ისაუბრა. პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე სპეციალური პავილიონები მოეწყობა, სადაც შაბათ-კვირას ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. დაგეგმილია 10 პავილიონის განთავსება.

„პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ტრადიციული რეწვის ოსტატებს, რათა შექმნან სივრცე, სადაც შეეძლებათ თავიანთი ნამუშევრების გამოფენა და გაყიდვა. პროექტის ხანგრძლივობა არის ათი თვე. მის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს სივრცე სრულიად უსასყიდლოდ. მათ ექნებათ ყველანაირი პირობები, ეს იქნება Wf-fi, ელექტროენერგია თუ სხვ. ათი თვის შემდეგ პავილიონები, რომელიც იქ განთავსდება რჩება იმ ადგილზე, თუმცა დაწესდება სიმბოლური გადასახადი, რომელსაც უკვე თვითონ მეწარმეები გადაიხდიან. რაც შეეხება პროექტში მონაწილეობას, ოსტატებს შეარჩევს კომისია, მათი რაოდენობა უნდა იყოს 30. რა თქმა უნდა პრიორიტეტი ადგილობრივებს მიენიჭებათ “, - ამბობს ფარულავა.
პროექტის მთლიანი ღირებულება 78 780 ლარია. აქედან, UNDP-ის წვლილი 59 780 ლარია, მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა კი 19 000 ლარს შეადგენს.
პროექტის პრეზენტაციას ხელოვნური რეწვის ოსატატები, დონორი ორგანიზაციის და სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print