ახალი ამბები
ზუგდიდში 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ზუგდიდში 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მერის მოადგილის გიგა ფარულავას თქმით, დღეს პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს მთლიანობისთვის სიცოცხლე გაწირეს.

„25 თებერვალი, როგორც საქართველოს ოკუპაციის დღე, არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში. ჩვენ პატივი მივაგეთ გმირებს, რომლებიც არ შეეგუვნენ საქართველოს ოკუპაციას. თავიანთი სიცოცხლე გასწირეს საქართველოს ერთიანობისთვის. ეს ადამიანები იქნებიან მომავალი თაობისთვის მაგალითი, რომ ისინიც არ შეეგუონ ოკუპაციას და იბრძოლონ საქართველოს ერთიანობისთვის“, - ამბობს გიგა ფარულავა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.


Print