ახალი ამბები
ენგურის ხიდი, სავარაუდოდ, ისევ ჩაიკეტება
სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საკარანტინო ზომები გაძლიერდება და სავარაუდოდ, მიმოსვლა ისევ შეიზღუდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა. მან მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, თავი შეიკავონ "საზღვარგარეთ" მოგზაურობისგან.

"ვაცხადებთ კარანტინს. ეს აუცილებელი ზომაა. ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში და იძულებულები ვართ გთხოვოთ, თავი შეიკავოთ ქვეყნიდან გასვლისგან და მივლინებებისგან", - განაცხადა ბგანბამ. 

მისივე თქმით, დაგეგმილია "აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება, ხოლო "ენგურის" და "ფსოუს" საკონტროლო - გამშვებ პუნქტებზე კონტროლის გაძლიერება". 

ბგანბამ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების და შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდების თხოვნით მიმართა.

ენგურის ხიდზე ამ წუთებში მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, ე.წ მესაზღვრეებმა ის გააფრთხილეს, რომ ხვალ ხიდზე გადასვლას ვერ შეძლებს.

"დავდივარ ყოველ მეორე დღეს მეთქი, რა ვქნათ, დღეს გაგიშვებთ და ხვალ ვერაო აქეთო და იქით გაგიშვებთო. ეს ვირუსის გამოო", - გვითხრა მან.




Print