ახალი ამბები
პირბადეები ზუგდიდის სოციალური სამკერვალოსგან (ფოტო)
ზუგდიდში არსებულმა სოციალურმა სამკერვალო საწარმომ "ჰანგი" ერთჯერადი პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც რადიო "ათინათს" "ჰანგის" დამფუძნებელმა რუსლან საჯაიამ უთხრა, სპეციალური ქსოვილი მას შემდეგ შეუკვეთეს, რაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მათ რამდენიმე ასეული პირბადე დაუკვეთა.

"ამაზე ვფიქრობდით, მაგრამ არ გვქონდა გადაწყვეტილება მიღებული. ინიციატორი გახდა ასოციაცია "ქსენონი", რომელმაც პირველმა შეგვიკვეთა პირბადეები. დავამზადეთ რამდენიმე ნიმუში და მოეწონათ. მხოლოდ ამის შემდეგ "გავბედეთ" უფრო მეტი რაოდენობის წარმოება", - ამბობს რუსლან საჯაია.
მისი თქმით, "ჰანგში" დაცულია ჰიგიენის და უსაფრთხოების ნორმები, პირბადეები კი ყველა სტანდარტის დაცვით მზადდება.

"ერთჯერადი მასალისგან ვკერავთ, სტერილური ქსოვილია, რომელიც სპეციალურად შევუკვეთეთ. განსხვავებულად ჩვეულებრივი რეჟიმისგან, როცა ადგილზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს, ახლა ამ საქმეზე მხოლოდ 2 მკერავია მიმაგრებული. ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, არ ვმუშაობთ კერძო შეკვეთებზე, არ ვუშვებთ გარე პირებს სამკერვალოში. ალბათ ეს რამდენიმე კვირა გაგრძელდება", - აღნიშნავს ის.
რუსლან საჯაიას ინფორმაციით, "ჰანგში" დამზადებული პირბადე 50 თეთრი ღირს. მისი თქმით, მასალის და ყველა შესაბამისი ხარჯის გათვალისწინებით, ფასი მინიმალურია.

"ქსენონის" შემდეგ პირბადეები კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ და კერძო პირმა შეგვიკვეთა. თუ მოთხოვნა იქნება - საქმეს გავაგრძელებთ. აღნიშნული საქმისთვის მინიმალური ზღვარი დავიცავით, რომ წაგებაზე არ გვემუშავა და თანამშრომლებისთვის მცირე ანაზღაურება გვქონოდა", - ამბობს "ჰანგის" დამფუძნებელი.

ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე არსებული სოციალური საწარმო "ჰანგი" 2016 წლიდან არსებობს. სამკერვალოში 10-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის რამდენიმე შშმ პირია.

Print