ახალი ამბები
ზუგდიდში მამა-შვილი დისტანციის დარღვევისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს
მოქალაქე ლადო აბსანძე და მისი შვილი სოციალური დისტანციის წესის დარღვევისთვის სამართალდამცავებმა 3000 ლარით დააჯარიმეს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა სუპერმარკეტ „ჯიბეში“ 30 მარტს მოხდა. აბსანძეები ამბობენ, რომ ისინი უკანონოდ დააჯარიმეს და გასაჩივრებას გეგმავენ.

„მაღაზიასთან ვიდექით და ველოდებოდით ჩვენს რიგს, ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები და დაგვაჯარიმეს. გუშინ ვიყავი სასამართლოში და გადამამისამართეს სამმართველოში. იქ მითხრეს დისტანციურად ვმუშაობთო და განცხადება მეილით შემოიტანეთო, მაგრამ შეფერხება იყო და ვერ მოვახერხეთ. მერე აქეთ დაგვირეკეს და მითხრეს სკაიპის საშუალებით გაგესაუბრებით და ასე უნდა განვიხილოთ თქვენი საქმეო. წარმოდგენა არ გვაქვს რატომ გააკეთეს ეს, როგორც იურისტები მეუბნებიან ოჯახის წევრებზე არ მოქმედებს დისტანციის მოთხოვნა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლადო აბსანძემ.

შს სამინისტროში მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ლადო აბსანძეს და მის სრულწლოვან შვილს სამართალდამცავებმა სოციალური დისტანციის წესის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ. მათივე მტკიცებით, მოქალაქეს ჯარიმა სწორედ ამის შემდეგ გამოუწერეს.


ფოტო: ლადო აბსანძის Facebook-ის გვერდი
Print