ახალი ამბები
ვინ და რატომ გადაუღო ქრისტინას ვიდეო, რომელშიც ლეღვს ხინკალს ადარებს
საოცარი გრძნობაა, როდესაც ნებსით თუ უნებლიეთ, დაეხმარე პატარას, რომელმაც არ იცის, რატომ აქვთ სხვებს კომპიუტერი, თოჯინა ან ველოსიპედი და მას არა. ასე დაიწყო რადიო "ათინათთან" საუბარი 23 წლის ქრისტინა ფოცხორაიამ. სწორედ მან გადაიღო ის ვიდეო , რომელშიც პატარა ქრისტინა ფანჩვიძემ ლეღვი ხინკალს შეადარა და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ქრისტინა გავიცანი სოფელში, მე იქ სტუმრად ვიმყოფებოდი. მასზე მიყვებოდნენ ჩემი ნათესავები, რომლებიც ფანჩვიძეების მეზობლად ცხოვრობენ. ძალიან მომინდა მისი გაცნობა... მეორე დღეს ისე მოხდა, რომ ჩვენს ეზოში ბავშვებთან სათამაშოდ თვითონ შემოვიდა. დავუძახე, მოვიდა, დავსხედით და ვისაუბრეთ, ასე გავიცანი ქრისტინა. ის მართლა საოცარი ბავშვია“, - ამბობს ქრისტინა ფოცხორაია.
წარმოშობით ქრისტინაც მარტვილიდანაა, თუმცა ამჟამად, დედაქალაქში ცხოვრობს და მუშაობს. ის თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც პატარა გოგონას დახმარების ხელი გაუწოდა, მადლობას უხდის და ამბობს, რომ ვიდეო, რომლის წყალობით ქრისტინა საზოგადოებამ გაიცნო, თავისი დედისთვის გადაიღო.
„წავიკითხე საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე კომენტარები. რამდენიმემ ისიც თქვა, ორი დღე საერთოდ არ შევჭამთ და ქრისტინას დავეხმარებითო. მისი ბავშვობა არც ისე ლაღია და მისთვის ამ მდგომარეობის შემსუბუქება უდიდესი მადლია. დედაჩემისთვის კი გადავუღე ქრისტინას ეს ვიდეო, მაგრამ იმდენად საყვარელი გამოვიდა, რომ გადავწყვიტე ფეისბუკზეც გამომექვეყნებინა. ისე საყვარლად მესაუბრებოდა, რომ გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო“, - გვითხრა მან.

ამ ვიდეოთი ქრისტინას მეგობრების გახალისება უნდოდა და არც უფიქრია, რომ ამით პატარა გოგონას ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა.

ამავე თემაზე: 

#ლუღისთვის - ქრისტინას მალე წითელი სახლი ექნება 

"ლუღი" გურული დღიურების ფონდის სტიპენდიანტი გახდება

ქრისტინა, მეტსახელად "ლუღი", რომელიც ექიმობასა და დიდ წითელ სახლზე ოცნებობს (ვიდეო)

Print