რეგიონი
"ჩემი მორდუ“ - რუხში ბავშვთა და მოხუცთა ზრუნვის ცენტრი მოეწყობა
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" მიერ სოფელ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის 24 საათიანი სერვისცენტრი მოეწყობა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" CHCA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სოფო ლაგვილავამ უთხრა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულომ მულტიფუნქციური თავშესაფრის მოსაწყობად შენობა და მიწის ნაკვეთი ორგანიზაციას სარგებლობის უფლებით დღეს გადასცა. 

"მულტიფუნქციური სერვისცენტრი "ჩემი მორდუ" ეფუძნება ორგანიზაციის მიერ წინასწარ ჩატარებულ კვლევებს და კონსულტაციებს, რის შედეგადაც აღნიშნული ტიპის პროექტის საჭიროება დავინახეთ. პროექტი საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანიტარული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის სრული დაცვით განხორციელდება, რაშიც ჩართულები იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციები. რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა პროექტის დასრულების შემდეგ გადაეცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს", - ამბობენ ორგანიზაციაში. 

ამავე ცნობით, შენობის პირველ სართულზე სერვისებს მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ხანდაზმულები მიიღებენ. მეორე სართული კი 6-დან 18 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ მოზარდებსა და ბავშვებს დაეთმობა. CHCA -ში განმარტავენ, რომ მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დასაქმდებიან, რომლებიც შესაბამის სტაჟირებას გაივლიან. 

2016 წელს "აფხაზეთმა" მოხუცებზე ზრუნვის ცენტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გახსნა, სადაც 10 ბენეფიციარს 24-საათიან მომსახურებას უწევენ.


Print