ახალი ამბები
ზუგდიდში ცხოველის შესაძლო წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ერთ-ერთი ცხოველთა მოყვარულის მიმართვის საფუძველზე შს სამინისტრომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დასახიჩრებული ძაღლი ზუგდიდელმა ახალგაზრდამ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ იპოვა.

"ძაღლს ვასეირნებ ხოლმე ამ ტერიტორიაზე. მანამდე არ შემიმჩნევია, ვფიქრობ, ვიღაცამ მოიტანა და აქ დააგდო. არ აქვს ყბა, კიდურები თითქოს დაულეწეს, დამდუღრულს ჰყავს. არ ვიცი, დანამდვილებით ვერ ვიტყვი რა მოხდა, მაგრამ მეც და ბევრ სხვა ადამიანს მიგვაჩნია, რომ ძაღლი აწამეს და შემდეგ დააგდეს იქ. დავრეკე 112-ში და ვიყავი დაკითხვაზეც. ძალიან კარგია, რომ პოლიციამ არ დააყოვნა ჩართვა, მჯერა რომ აუცილებლად გამოიძიებენ სათანადოდ ამ ფაქტს", - გვითხრა მან.

მან შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც ინტერნეტ მომხმარებელთა გამოხმაურება მოჰყვა. მათი უმრავლესობა შესაძლო დამნაშავის პოვნას და დასჯას ითხოვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ძაღლს, სავარაუდოდ, მატარებელმა გადაუარა.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე 259-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

Print